ღვინო ყოველთვის ჰგავს მის ავტორებს - ადამიანებს, რომლებიც აწარმოებენ, ადგილს - სადაც იბადება, მიწას - რომელზეც იზრდება, ცოდნას - რომელიც შრომისა და ექსპერმენტების შედეგია. ეს ყველაფერი მკაფიოდ იკითხება მეღვინეობა აგიდელას ღვინოებში, რომელთა ეტიკეტებზე ქარის წისქვილები ტრიალებენ, ბოთლებში კი მრავალფეროვანი არომატები და გემოები. ეს არის ღვინოები, რომლებსაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ.
შიდა ქართლში, გორის რაიონის სოფელ ბერბუკშია ლაშა ჭკუასელის და ელი ცისკარიშვილის მეღვნეობა აგიდელა. მათი ღვინოები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე კარგად არის ცნობილი, კასპის რაიონის სოფელ ხოვლესა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში გაშენებულ ვენახებში მოწეული ყურძნისგან მზადდება. აგიდელა რამდენიმე სახეობის ღვინოს აწარმოებს:
გორული მწვანე | თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებული კლასიკური ტექნოლოგიით. ღია ჩალისფერი. ციტრუსების, ტროპიკული ხილის, საკონდიტრო ნაწარმის დახვეწილი არომატებით.
სოვინიონ ბლანი | თეთრი მშრალი ღვინო, დამზადებული კლასიკური ტექნოლოგიით. ღია ჩალისფერი შეფერილობის. მანგოს, გარგრის, გრეიფრუტის, მწვანე ბალახის ინტენსიური, დახვეწილი არომატებითა და გემოთი.
პეტ-ნატი | თეთრი ცქრიალა ღვინო ბრიუტი. დამზადებული ჩინურის ჯიშის ყურძნისგან, ტრადიციული ტექნოლოგიით. ღია ჩალისფერი შეფერილობის. ციტრუსებისა და ტროპიკული ხილის მდიდარი არომატითა და გემოებით. ხალისიანი, დაბალანსებული მჟავიანობითა და სიცქრიალით.
შავკაპიტო | წითელი მშრალი ღვინო, დამზადებული კლასიკური ტექნოლოგიით. ლალისფერი შეფერილობის, კენკრის, მაყვლის, ნაღების, ვანილისა და მუხის რბილი არომატითა და გემოთი.
არომატიზებული ღვინო თავკვერი | წითელი ნახევრადმშრალი არომატიზებული ღვინო, დამზადებულია კლასიკური ტექნოლოგიით, სპონტანური დუღილის ტექნიკისა და სპეციალურად შემუშავებული რეცეპტის გამოყენებით. ხასიათდება ალუბლის, შავი ქლიავის, მოცხარის, ვანილის და მუხის დახვეწილი არომატებით.
თავკვერი როზე | თავკვერისა და ჩინურის ჯიშებისგან კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო. ორაგულისფერი შეფერილობის. კოწახურისა და ტკბილი ხილის არომატებითა და ცინცხალი გემოთი.
ქარის წისქვილების ენერგია აგიდელას ღვინოებში
გიდელი მოგრძო ფორმის, პირგანიერი ე.წ გოდორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, მაღლარის ყურძნის კრეფისას ხიდან ჩამოსაშვებად და გადასატანად გამოიყენება, აგიდელა კი გურული სიმღერაა, რომელსაც რთველში მღერიან. ლაშა ჭკუასელი წარმოშობით გურულია, რომელმაც ეს სიმღერა, მეუღლესთან, ელი ცისკარიშვილთან ერთად, ღვინოებშიც გააცოცხლა. გერმანიასა და ახალ ზელანდიაში ლაშას მუშაობის გამოცდილება კარგად აისახა ღვინის მიმართ მიდგომებში.
გორული მწვანით დაიწყო აგიდელას ისტორია ადგილობრივ ბაზარზე. ეს კლასიკური ღვინო, მაღალმჟავიანი, მდიდარი გემოებითა და არომატებით, კარგად დაიმახსოვრეს ღვინის მოყვარულებმა. მალე, საქმეში სხვა ჯიშები ჩაერთო, მათ შორის, სოვინიონ ბლანი.
საერთაშორისო ჯიშის ქართული სიცოცხლე
ლაშამ და ელიმ ახალხან მიწა შეიძინეს, 15 წუთის სავალზე ბერბუკის სახლიდან, სადაც მარანი აქვთ. ამ მხარეში, ძირითადად, თიხნარი (საშუალო სირბილის, ტენიანი) ნიადაგია დომინანტური. სოვინიონ ბლანის გაშენებას გეგმავენ. ეს საერთაშორისო ჯიში, ქართლში, დიდი ხანია, კარგად გრძნობს თავს და შედეგებსაც საინტერესოს იძლევა. ჯამში 3.5 ჰექტარიდან ერთს სწორედ სოვინიონ ბლანი დაიკავებს, ერთს - გორული მწვანე, ერთსაც - შავკაპიტო. რაც დარჩება, სხვა ჯიშებისთვის გამოვიყენებთ, - ამბობს ლაშა - ღვინოებში სხვადასხვა ფერის შემოსატანად. ვცდილობთ, მეღვინეობას ვიწრო ოჯახური ჭრილში არ ვუყუროთ და რეგიონის მასშტაბით წარმოვიდგინოთ, რა შეუძლია ამა თუ იმ ჯიშს და რა შედეგი შეგვიძლია მივიღოთ მისგან.
სოვინიონ ბლანზე საუბრისას, ელი ამბობს: ამ ჯიშთან ლაშას გარკვეული სენტიმენტები აქვს. ახალ ზელანდიაში რთველშიც არის ნამყოფი. აქამდე, სოფელ ხოვლეს ვენახებში მოწეული ყურძნით ვაყენებდით ღვინოს. ხოვლე კასპის რაიონს ეკუთვნის, სადაც სუბტროპიკული კლიმატია. ჩვენთან უფრო კონტინენტური ჭარბობს. ვფიქრობთ, აქ, ამ ჯიშის საინტერესო ხასიათი კიდევ უფრო გაუმჯობესდება - უფრო მაღალმჟავიანი გახდება, რაც დამახასიათებელია კიდეც გორის ჩრდილოეთისთვის.
როგორია ჩვენს წარმოდგენაში პრაიმერი ღვინო? გემრიელი, მსუბუქი, მდიდარი არომატიკის, ელეგანტური. ასეთია სოვინიონ ბლანი - ჯიში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და მის უკან დიდი ისტორიაა. ქართლში შესანიშნავი ადგილობრივი ჯიშები გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, სოვინიონ ბლანს ჩვენი რეგიონის განვითარების საქმეში კარგი როლის შესრულება შეუძლია. საუკეთესოა თეთრი ღვინოების დასამზადებლად, რომლებსაც დავარგების პოტენციალი აქვს. ასევე, ცქრიალა ღვინოებისთვის, - ამბობს ლაშა.
აქაური კლიმატი, ნიადაგები, ჯიშები (და არა მხოლოდ ადგილობრივი) მრავალფეროვანი ღვინოების წარმოების საქმეში ამ ახალგაზრდა მეღვინეების საუკეთესო მოკავშირეები არიან. აგიდელას ისტორია ექვსიოდე წელს ითვლის, თუმცა, დროის ამ მოკლე მონაკვეთში, ლაშამ და ელიმ ბევრად მეტი შეძლეს.
როგორია აგიდელას როლი?
ჩვენი მარანის ისტორია 2020 წლიდან იწყება, - ამბობს ელი - ბევრს უთქვამს, როგორი კარგი შთაბეჭდილებებით იყვნენ, როდესაც პირველად გასინჯეს ჩვენი გორული მწვანე. იგივე მოხდა სოვინიონ ბლანის შემთხვევაშიც. ეს ყველაფერი ერთგვარი მოტივი გახდა სხვა ახალგაზრდა მწარმოებლებისთვისაც, რომლებმაც შიდა ქართლში ამ ჯიშების გაშენება აქტიურად დაიწყეს. რაც მეტი ვენახი გაშენდება და მარანი გაჩნდება, მით უკეთესია რეგიონის განვითარებისთვისაც და ჩვენთვისაც.
გვაქვს საკუთარი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ღვინის სხვადასხვა პარამეტრზე შემოწმება. ყურძნის გადამუშავებიდან ბოთლში ჩამოსხმამდე, სრული ციკლის განმავლობაში ხდება ღვინის ხარისხის კონტროლი, რაც სხვადასხვა ტექნიკური ოპერაციის სწორად დაგეგმვისა და მართვის საშუალებას გვაძლევს. ჩვენი ლაბორატორიით სხვა მცირე მარნებსაც ვემსახურებით.
დიალოგი ღვინოსთან
“ღვინოსთან ურთიერთობა ყველაზე საკრალური პროცესია. ელის ეს კარგად ესმის. მომსწრე ვარ, როგორც ეფერება და ელაპარაკება ხოლმე ღვინოს - რაღაცას, რაც მხოლოდ მან იცის. საწნახელთან რომ ვდგავართ და მარცვალ-მარცვალ ვარჩევთ ყურძენს, უკვე ვიცით, მისგან რაც უნდა გავაკეთოთ. ვიცით, რას ელის ჩვენგან მომხმარებელი - ყოველთვის კარგ ღვინოს, ხასიათით სავსეს და ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
მე უფრო იმპულსური ვარ, ელი ყველაფერს აბალანსებს. ჩვენი პლუსი ის არის, რომ ვცვლით აზრებს, ვკამათობთ, საბოლოოდ ვჯერდებით საუკეთესო ვერსიაზე და შედეგიც კარგი დგება.”
რომელი ღვინოა ყველაზე მეტი კამათის თუ დიალოგის შედეგი?
ალბათ გორული მწვანე, რადგან ყველაზე გრძელი გზა სწორედ მან გაიარა. წინ კიდევ დიდი გზა აქვს და დიდი მოგზაურობა ელის.
რა არის ეს ჯიში თქვენთვის, მოკავშირე?
ეს არის ჯიში, რომელსაც კიდევ ბევრი კვლევა სჭირდება. მოდით, ასე გეტყვით - ეს არის ჯიში, რომელიც კეთილშობილურ აზრებს აღძრავს.
და ჯიში, რომელიც თავის პარტიასაც თქვენს სასარგებლოდ თამაშობს.
მარანი წლიურად 10 000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს. ყველაზე დიდი წილი გორული მწვანეზე მოდის. სამომავლო გეგმებშია მთლიანი მოცულობის გაორმაგება. აგიდელას ღვინოების ჩამონათვალშია პეტ-ნატიც. ჩვენს ასოციაციებში როგორიც უნდა იყოს, სწორედ ისეთია ჩვენი პეტ-ნატი, - ამბობს ლაშა- ბობოქარი, მღვრიე, ცოცხალი, გახსნისას ისეთივე საოცარი არომატები რომ ტრიალებს, როგორც რთველში. ამიტომაც დავაყენეთ დეგორჟაჟის გარეშე.
აგიდელას ღვინოები ადგილობრივ სპეციალიზირებულ მაღაზიებშია წარმოდგენილი, მათ შორის, 8000 მოსავალში, რომელიც რამდენიმე ევროპულ ქვეყანაშიც ახორციელებს მათი ღვინის ექსპორტს, მცირე მოცულობით.
გვინდა, რომ ნელ-ნელა გავზარდოთ ჩვენი წარმოება, იქამდე, სანამ თითოეული ბოთლის მოვლას შევძლებთ. თითოეულს უნდა ვეხებოდეთ და ვუსმენდეთ, სხვა შემთხვევაში, ჩვენი ღვინოების ხასიათს დავკარგავთ. არ გვინდა ეს საქმე უბრალოდ ბიზნესად ვაქციოთ.
შიდა ქართლი - რეგიონის ახალი სიცოცხლე
მიუხედავად მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა, შიდა ქართლის მეღვინეები ამ მხარის ისტორიას თავიდან წერენ, რაც ისტორიული პერიპეტიებით განპირობებული. ლაშა ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნის მეღვინეობის ისტორია მის ხეივანში დარგულ ვაზს ჰგავს, რომლის გადაჭრაც მოუწია, ის კი არ ნებდება და მაინც იზრდება. სულ უფრო მეტი მარანი ჩნდება ამ რეგიონში. ვფიქრობთ, კარგი იქნება, ჩვენი გაერთიანება ასოციაციის ფარგლებში. ასე უფრო გაგვიადვილდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის მიწვდენა, მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალებსა თუ გამოფენებზე. ეს გაერთიანება ბუნებრივად უნდა მოხდეს. ჩვენს კოლეგებთან, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან, მჭიდრო
ურთიერთობა გვაქვს. ყველა ვხვდებით, რომ ჩვენნაირი მცირე მარნებისთვის დამოუკიდებლად კარგი შედეგების მიღწევა რთულია. ერთობლივი ძალისხმევით ბევრად მეტს შევძლებთ.




