ქართული ხორბლის კულტურა, დაფუძნებული უწყვეტ აგრონომიულ მემკვიდრეობაზე, ისტორიულ გამოცდილებასთან ერთად,

ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში

საქართველო, უძველესი ცივილიზაციის და მიწათმოქმედების ქვეყანა, გამორჩეულია ლანდშაფტური და ნიადაგობრივი პირობების მრავალფეროვნებით.

ნ. ვავილოვის და სხვა ცნობილი მეცნიერების თეორიის მიხედვით, საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობის წინააზიური ცენტრის განუყოფელი ნაწილია და ვაზის, ხორბლის, ქერის, პარკოსნების, ზოგიერთი ხეხილოვანი კულტურის წარმოშობის პირველად კერას წარმოადგენს.

ლევან უჯმაჯურიძე

დირექტორი, დოქტორი, პროფესორი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

ქართული ხორბლის ხუთი ენდემური სახეობა

ხორბლის ბოტანიკურ გვარში შემავალი კულტურული 20 სახეობიდან, დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი და აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, მათგან ხუთი ენდემური, რომლებიც გენეტიკური მდგრადობით, ენდემიზმით, მაღალი აგრობიოლოგიური და უნიკალური ნუტრიციული მახასიათებლებით გამოირჩევა:

მახა - T. macha Dekapr. & Men. (2n=42)

გავრცელებული იყო რაჭა-ლეჩხუმის მთიან ზონაში. უძველესი, რელიქტიური, კილიანი ჰექსაპლოიდური ხორბალია. მახა განიხილება კულტურული სახესხვაობების პროტოტიპად და „ცოცხალ წინაპარად“. ეს ჯიში ველური და კულტურული ხორბლის ნიშნების მატარებელია.

მახა პირველადი სახეობაა, რომელმაც საწყისი მისცა ყველა კულტურულ ჰექსაპლოიდურ ხორბლებს. აღწერილია მისი 14 სახესხვაობა.

მახას ნაწარმში დაფიქსირებულია B ჯგუფის ვიტამინების მაღალი შემცველობა. მისგან დამზადებული პური ერთ-ერთ ყველაზე მაღალხარისხიანად არის მიჩნეული ადგილობრივ მოსახლეობაში. აქვს თეთრი ფერი და საუცხოო გემო. რამდენიმე დღის განმავლობაში არ ხმება.

ჩელტა ზანდური - T. timopheevii (Zhuk.) Zhuk. (2n=28) საქართველოს ენდემური სახეობაა. გავრცელების არეალი იყო რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, იმერეთი (ზღვის დონიდან 400-800 მ. სიმაღლეზე).

ჩელტა ზანდური ხასიათდება ყველა სახის დაავადებებისა და მავნებლების მიმართ კომპლექსური გამძლეობით. ამ სახეობის გამო, საქართველო იმუნური ხორბლის სამშობლოდ არის მიჩნეული.

ხორბლის სელექციაში ყველაზე დიდ მიღწევად ზანდურში ციტოპლაზმური მამრობითი სტერილობის გენების (ცმს) აღმოჩენას თვლიან, რაც საშუალებას იძლევა, ინტენსიური ტიპის ჯიშების მისაღებად და ჰიბრიდული ხორბლის პრობლემის გადასაწყვეტად.

ჩელტა ზანდურის ნაწარმი გამოირჩევა მნიშვნელოვნად მაღალი K ვიტამინის შემცველობით. მისგან საკმაოდ მაღალი ხარისხის ტრადიციულ პურს აცხობდნენ (პურის ცხობისას მისი სურნელი 2-3 კმ-ზე ვრცელდებოდა).

ჰექსაპლოიდური ზანდური - T. zhukovskyi Men. & Eritz. (2n=42) საქართველოს ენდემური სახეობაა. ძნელად ილეწება. სახეობა მორფოლოგიურად ჩელტა ზანდურის მსგავსია, ცმს-ის გენის მატარებელია. სოკოვან დაავადებათა მიმართ მაღალი იმუნიტეტით გამოირჩევა. სახეობა კარგად ეგუება მაღალტენიანობას. ახასიათებს ღია ყვავილობა.

ჰექსაპლოიდური ზანდური მაღალცილიანია - 23.6%, ლიზინის შემცველობა 2.9%-ია. ხასიათდება მაღალი პურცხობის უნარით.

კოლხური ასლი - T. georgicum (Dekapr. & Men.) Dekapr. (2n=28) დასავლეთ საქართველოს რაჭა-ლეჩხუმის ხორბლის ენდემური სახეობაა. ძველად მისი სუფთა ნათესები იშვიათი იყო, უფრო მინარევად იზრდებოდა ხორბალ მახას ცენოზში.

ის მონომორფიული სახეობაა და მხოლოდ ორი სახესხვაობითაა წარმოდგენილი.

კოლხური ასლი ხასიათდება პლასტიურობით. კარგად იტანს მაღალ ტენიანობას. ახასიათებს მაღალი შეფოთვლა, გამძლეა ჟანგებისადმი.

ხორბლის ეს სახეობა გამოირჩევა ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით, შესაბამისად, მაღალი აქვს მონოუჯერი, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები და B9 ვიტამინის შემცველობა.

ქართული ხორბლის ენდემური სახეობები: ზანდური, დიკა-კარტლიკუმი და ჰექსაპლოიდური ზანდური (ჟუკოვსკი), სოკოვანი დაავადების მიმართ კომპლექსური იმუნიტეტით და გარემო პირობებისადმი მდგრადობით ხასიათდება. ეს და სხვა უნიკალური თვისებები განაპირობებს მათ, როგორც საუკეთესო საწყის გენეტიკურ მასალად გამოყენებას და აღიარებას მსოფლიო სელექციაში.

ენდემური სახეობების გარდა, საქართველოში, ხორბლის 154-ზე მეტი სახესხვაობაა აღწერილი, მათ შორის, რბილი და მაგარი ხორბლის უძველესი, ეკოლოგიურად მკვეთრად განსხვავებული ადგილობრივი ჯიშ-პოპულაციები: კახური დოლის პური, ახალციხის წითელი დოლის პური, ქართლის დოლის პური, ჯავახეთის დოლის პური, თეთრი დოლი, წითელი დოლი, შინდური დოლი, შავფხა, უფხო პური, ხულუგო/ხულგო, პოშოლა, ხოზო/ხუზალა, ხოტორა, გომბორულა, ნიქსავრა და სხვ.ასევე რბილი ხორბლის ფხიან ფორმები: იფქლი და ძველ თესლი; მაგარი ხორბალი - თავთუხი ცნობილი ჯიშებით: ქართლის შავფხა, წითელი თავთუხი, თეთრი თავთუხი, შავფხა და სხვ.

ქართული ხორბლის ენდემური სახეობების და

ადგილობრივი ჯიშების მოძიება, კონსერვაცია და გავრცელება

საუკუნეების განმავლობაში, ქართული ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მყარად ჰქონდა მოკიდებული ფეხი ქართულ სოფლის მეურნეობაში. დღეს, რიგი გარემოებების გამო, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ქართული ხორბლის სახეობრივი და ჯიშური მრავალფეროვნება, ასევე, მათ მიერ დაკავებული ნათესი ფართობები. აქედან გამომდინარე, ქართული ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების მოძიება, კონსერვაცია, ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოება და ფერმერებში გავრცელება, მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების დაცვის წინაპირობაა. საქართველოში, ბევრი სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუცია - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ბოტანიკის ინსტიტიტი, ეროვნული ბოტანიკური ბაღი, საქართველოს საპატრიარქო, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, შპს „ლომთაგორა“, კავკასიის გარემოს დაცვითი რეგიონული ცენტრი და სხვა - დაკავებულია აღნიშნული საქმიანობით.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვან აქტივობებს ანხორციელებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი: სამუშაო კოლექციებში (ex situ, on-farm) დაცულია ხორბლის 1200-ზე მეტი ნიმუში. კოლექციები, ადგილობრივ ჯიშებთან ერთად, მოიცავს ქართული წარმოშობის, სხვა სტატუსის მქონე, უცხოეთის (გერმანია, აშშ) გენბანკებიდან შემოტანილ 600-ზე მეტი თესლის ნიმუშის გენეტიკურ მასალას.

ქართული ხორბლის ხუთი ენდემური სახეობა და 6 ადგილობრივი ჯიში შეტანილია გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგში.

საერთაშორისო ხელშეკრულებების კონტექსტში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ეროვნულ ინსტიტუციას, რომელიც პასუხისმგებელია მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნულ კანონმდებლობაზე. არის ევროპის ქვეყნების მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერირებული პროგრამის (ECPGR) წევრი, რომლის მმართველი კომიტეტის შეხვედრა 2026 წლის ივნისში თბილისსი გაიმართება. ცენტრი პასუხისმგებელია ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კატალოგში (EURISCO) ქვეყნის გენეტიკური რესურსების, მათ შორის, ხორბლის შესახებ მონაცემთა განთავსებაზე, გაერთიანებულია გენბანკების საერთაშორიო ინტეგრირებულ სისტემაში.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ძალისხმევით, ქვეყანაში, ევრო თუ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ჩამოყალიბდა თესლის სერტიფიცირების სისტემა. მიმდინარეობს ადგილწარმოშობის ზონების მიხედვით ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების პირველადი მეთესლეობა და ხორბლის სერტიფიცირებული თესლის გავრცელება ფერმერული მეურნეობების პირობებში. საქართველოს თითქმის ყველა ეთნოგრაფიულ კუთხეში, მათ შორის, მაღალმთიანეთის - თუშეთი, ფშავ-ხევსურეთი, სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი - ფერმერულ მეურნეობებში გაჩნდა ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშის ნათესები. შეინიშნება მზარდი დაინტერესება და მოთხოვნა ქართული ხორბლების თესლსა და მათგან წარმოებულ მრავალფეროვან პროდუქტზე.

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მონაპავარია მცენარეთა გენეტიკური რესურსების თესლის ეროვნული გენეტიკური ბანკის მოწყობა, რომლის პროექტი უკვე მომზადებულია. მისი მშენებლობა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, მიმდინარე 2026 წელს დაიწყება და შესაძლებელს გახდის თესლის ნიმუშების თანამედროვე მეთოდოლოგიით (მათ შორი, კრიოპრეზერვაცია, in vitro და სხვა) საშუალო და ხანგრძლივ რეჟიმში შენახვა.

მნიშვნელოვანია ქართული ხორბლის ხუთ ენდემურ სახეობაზე და შვიდ ადგილობრივ ჯიშზე, ავსტრიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის სააგენტოში (AGES) ფართო სპექტრის - 168 პარამეტრზე ჩატარებული უახლესი ნუტრიციული კვლევები. მიღებულმა შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადყო ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების უნიკალურობა და განსხვავებულ პოტენციალი კვების პროდუქტების წარმოებაში.

ქართული ხორბლის ადგილობრივი და საერთაშორისო აღიარება

2025 წელს, ქართული ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშების ნიმუშები სვალვბარდის (შპიცბერგენი) თესლის ხანგრძლივი შენახვის მსოფლიოს გლობალურ საცავში განთავსდა.

გასული წლის 10 დეკემბერს, ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შევიდა. აღნიშნულ საერთაშორისო სტატუსს წინ ეროვნულ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები უსწრებდა: საქართველოს ხორბლის კულტურა დარეგისტრირდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ​​(2018 წლის სექტემბერი), საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა (2019 წლის მარტი).

ქართული ხორბალი -

ტრადიციები და მემკვიდრეობა

ქართველების იდენტობა დიდწილად არის დაკავშირებული ხორბლისა და პურის კულტურასთან, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში უწყვეტად არის შენარჩუნებული და კომპლქსურად მოიცავს როგორც ხორბლის მოვლა-მოყვანის, ისე პურის ცხობის ტრადიციულ ელემენტებს. წმინდა პური და მარცვლეულის საკრალური კერძები, რომლებიც ხორბლის ენდემური სახეობებითა და ადგილობრივი ჯიშებით მზადდება, თითქმის ყველა ადგილობრივი რიტუალის განუყოფელი ნაწილია - დაბადებიდან, ქორწინებამდე და სიკვდილამდე. ხორბლის მარცვლები იკრიფება პირველი ღრმულიდან და ინახება ცალკე. საუკეთესო ნაწილი გამოიყენება წმინდა თესლად, გაზაფხულზე, ბუნიობის კვირაში დასათესად. წმინდა პურის ნაირსახეობა ცხვება სხვადასხვა რიტუალისთვის: თუშეთში - კოტორი, სვანეთში - ლამზირი, სამცხე-ჯავახეთში - ქადა და ნაზუქი, იმერეთსა და გურიაში - ბედისკვერი, ღვეზელი და სხვა. ბერები და მონაზვნები აცხობენ სეფისკვერს (საზიარებელ პური).

ქართული ხორბალი ქართული სუფრის შემადგენელი ნაწილია. ქართული სუფრა, რომელიც მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციის მატარებელი ფენომენია, მრავალ ინსტიტუციას აერთიანებს , სადაც პურს და ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ქართულად ნადიმს „პურობა“ ჰქვია; ზიარებისას, პური და ღვინო უფლის ხორცსა და სისხლს განასახიერებს. სარიტუალო და საერო დღესასწაულები საერთო სუფრით მთავრდება. ქართული ხორბლის ნამზადით და ღვინით წარმოდგენილი რიტუალური სუფრები (სატრაპეზო, საქორწილო, სამგლოვიარო, სანადიმო) სტუმართმოყვარეობის, შემოქმედებითობის, სიხარულისა თუ მწუხარების გაზიარების საუკეთესო საშუალებაა, სადაც ღვინოსთან ერთად, პურის მრავალ სახეობას ვხვდებით: უსაფუარო ხმიადი პური, დედას პური, შოთი, ლავაში და სხვა, რომლებიც, ყოველდღიურ საკვებთან ერთად, სარიტუალო საჭმელიცაა.

საქართველომ, ვაზისა და ხორბლის კულტურების სახით, მსოფლიოს უნიკალური მრავალფეროვნება და მემკვიდრეობა შეუქმნა. ეს ის საერთო სიკეთეა, რომელიც საზოგადოებისგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.